ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, გურიის მხარეში მდებარეობს. მას დასავლეთით შავი ზღვის სანაპირო ზოლი, აღმოსავლეთით- სამტრედიისა და ჩოხატაურის, ჩრდილოეთით – ხობის, სენაკისა და აბაშის, სამხრეთით კი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 548 კმ²-ია. 2014 წლის აღწერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 31 486 ადამიანია. მუნიციპალიტეტში 16 ტერიტორიული ერთეულია.
შავი ზღვიდან წამოსული ჰაერის მასების გამო, რომელსაც უხვი ატმოსფერული ნალექები მოაქვს, მუნიციპალიტეტი ნოტიო ჰავით ხასიათდება. ლანჩხუთში ვაკე და გორაკ-ბორცვიანი რელიეფია.
მუნიციპალიტეტი თავისი ბუნების სილამაზით გამორჩუულია. ტურისტებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილია, რადგან მწვანეში ჩაფლულ ბუნებასთან ერთად, ლანჩხუთი ზღვისპირა დასვენებასაც გვთავაზობს. ლანჩხუთში გვხვდება პალიასტომის, იმნათის, ჯაპანისა და გრიგოლეთის ტბებიც. ასევე, ლანჩხუთში მდებარეობს კოლხეთის ეროვნული პარკიც, რომელიც გარდამფრენი ფრინველებითა და ეგზოტიკური ბუნებით გამოირჩევა.
მუნიციპალიტეტში მოედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი, შუთი, გომახურისწყალი, წყალწითელა და სხვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ისტორიულ-კურტურული ძეგლებსაც შეხვდებით. ამ ტერიტორიაზე დგას ეროვნული მნიშვნელობის კუტურის ძეგლი – ჯიხეთის ეკლესია. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს, რომელიც სოფელ არჩეულში მდებარეობს. ქალაქ ლანჩხუთში ფუნქციონირებს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს ქვის ხანის პერიოდიდან შუასაუკუნეების პერიოდამდე დაცულ არქეოლოგიურ მასალებს სთავაზობს.
